გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: რურუას განცხადება სავარაუდოდ მაშველი რგოლი აღმოჩნდება პოლიტიკურ ჩიხში მიმწყვდეული ოპოზიციისთვის

24-06-2020


„გიორგი რურუას მოწოდება ოპოზიციის რეაბილიტაციის და ჩიხიდან გამოყვანის უსუსური მცდელობაა“ - მიიჩნევს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

როგორც ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა, რურუას განცხადება სავარაუდოდ მაშველი რგოლი აღმოჩნდება პოლიტიკურ ჩიხში მიმწყვდეული ოპოზიციისთვის.

მისივე თქმით, მესამე მოსმენისას ისინი აუცილებლად დაუჭერენ მხარს შეთანხმებულ საარჩევნო სისტემას, რათა ფასილიტატორ დიპლომატებთან საუბრის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ.

„ოპოზიციის ლიდერად მონათლული გიორგი რურუა პარლამენტის სესიებისას მიმდინარე ბატალიებში ციხიდან ჩაერთო და თავისი პოზიცია გაახმიანა. მისი აზრით აუცილებელია ოპოზიციამ მესამე მოსმენისას კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს. რურუას ეს განცხადება სავარაუდოდ მაშველი რგოლი აღმოჩნდება პოლიტიკურ ჩიხში მიმწყვდეული ოპოზიციისთვის, რომლებმაც მმართველ გუნდს ულტიმატუმი წაუყენეს და უარი განაცხადეს საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის მხარდაჭერაზე, თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. ულტიმატუმს წინ უძღოდა ოპოზიციის განცხადებები, რომ მათ გარეშე ცვლილება მოსმენისას კვორუმს და საჭირო მხარდაჭერას ვერ მოაგროვებდა. ცვლილება გავიდა. ოპოზიციამ განაცხადა რომ ეს მათი დამსახურება იყო და ქართულ ოცნებას პროექტის ჩაგდება უნდოდა.

ქართულმა ოცნებამ ულტიმატუმი არ მიიღო. ნაცმოძრაობის მსგავსად, რომელთაც თავიდანვე გაწირეს საარჩევნო სისტემა ჩაგდებისთვის, მეორე მოსმენით კენჭისყრაზე უარი განაცხადეს ევროპული საქართველოს წევრებმაც. პროექტი მაინც გავიდა. როგორც გუშინ ვისაუბრეთ, ოპოზიცია აღმოჩნდა რვა მარტის შეთანხმების დამრღვევი, პროექტის ჩაგდებისთვის გამწირავი და აღმოჩნდა პოლიტიკურ ჩიხში. ბრალდება, რომ ცვლილების ჩაგდება აინტერესებს ოცნებას, ხუხულასავით ჩამოიქცა და დესტრუქციული ძალები პარლამენტის კენჭისყრის ტაბლომ გააშიშვლა. რურუას თემაზე უაზრო ვაჭრობამ ოპოზიცია გააკოტრა და არამომგებიან ვითარებაში ჩააყენა. უკვე გუშინ იყო ცხადი, რომ პროცესი დასრულებულია, ოცნება შეთანხმებას ასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა, ხოლო ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაშია. ჩემი ვარაუდით სოციალურ ქსელში გიორგი რურუას მოწოდება ოპოზიციის რეაბილიტაციის და ჩიხიდან გამოყვანის უსუსური მცდელობაა. მესამე მოსმენისას ისინი აუცილებლად დაუჭერენ მხარს შეთანხმებულ საარჩევნო სისტემას, რათა ფასილიტატორ დიპლომატებთან საუბრის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ. ორშაბათს საკონსტიტუციო ცვლილება გავა, ემზარ კვიციანი კვლავ წინააღმდეგი იქნება, ნაცმოძრაობები ცვლილებების მომხრედ მოგვევლინებიან, საელჩოების გვერდებზე კი გავრცელდება ქართველი ხალხის მიმართ მილოცვის ტექსტები რთული და ერთწლიანი პოლიტიკური პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930