25-06-2020
„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდების ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო.
ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში (LTV Group, TV 360, Helio TV) ტრიალებს ვიდეო-რგოლი, ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები შეიქმნა მედია-პლატფორმებზე: Facebook, Instagram, Youtube, სარეკლამო რგოლები გადის რადიოების ეთერებში: SWH Group, StarFM, SuperFM group, Latvian radio2, MIX FM Group, სარეკლამო ინფორმაცია განთავსდა ვებ-გვერდებზე www.delfi.lv, www.Tvnet.lv, www.apollo.lv, www.jauns.lv, www.db.lv,www. skaties.lv, www.TVplay.lv, www.santa.lv, სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები.
ზემოთ აღნიშნული აქტიობები ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "TRIBE INTERNATIONAL“ ორგანიზებით ხორციელდება.
ბალტიისპირეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, ზრდა 7%-ს აღწევს.
მსგავსი ციფრული ფორმატის მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა: შემცირდა ექსპორტის რაოდენობა, ხოლო ტურიზმის სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ, მკვეთრად შეამცირა ღვინის შიდა გაყიდვები. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით მიმდინარეობს.