2-07-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ კნირშთან.
მთავრობის მეთაურმა გერმანელ ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა, რომელიც ქვეყანამ გუშინ, 6 თვით გადაიბარა. გერმანიის ელჩის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მთავარი პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ Covid-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.
აგრეთვე, ჰუბერტ კნირშმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გერმანელ ელჩს მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მიერ საქართველოს იმ 15 ქვეყანას შორის დასახელება, რომლებზეც საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ Covid-19-ის გავრცელების თვალსაზრისით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნად შეფასება დიდი შესაძლებლობაა, რომელიც გონივრულად და თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროკავშირის წევრ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, რათა კოორდინირებულად და ეტაპობრივად შესაძლებელი გახდეს უსაფრთხო მიმოსვლა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
აღინიშნა გერმანიის და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ერთგულება ევროინტეგრაციის პროცესების მიმართ და საიმედო პარტნიორობა - ეკონომიკური თვალსაზრისით.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.