15-07-2020
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ დაადანაშაულა ჩინეთი ახალი კორონავირუსის გავრცელებაში. ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის დაინტერესებული ჩინეთთან მოლაპარაკებების მეორე ფაზით, წერს Reuters-ი.
კონფლიქტმა მხარეებს შორის უკვე გავლენა იქონია როგორც ამერიკულ საფონდო ბირჟებზე, ასევე იუანის კურსზე. აქამდე დაპირისპირებამ აგრეთვე გამოიწვია კრიპტოვალუტების კურსის ძლიერი რყევა.
„როგორც კი შეთანხმება გავაფორმეთ, ჯერ ფურცელზე მელანი არ იყო შემშრალი და პანდემია დაგვატეხეს თავს. ამ ეტაპზე ჩინეთთან საუბრით დაინტერესებული არ ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.
დღეს ასევე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ჩინეთს ჰონგ კონგის საქმეებში ჩარევის გამო სანქციები უწესდება.
კანონი ითვალისწინებს შეზღუდვებს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ჰონგ კონგის ეროვნული უსაფრთხოების აქტის შემუშავებაში და მიღებაში.
პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ჰონგ კონგისთვის ადმინისტრაციული რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს. მან განმარტა, რომ ეს ნიშნავს პრივილეგიების გაუქმებას ეკონომიკურ სფეროში და განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიების ექსპორტს.