7-08-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიმოსვლა უკვე აღდგენილია, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა კი რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი.
რაჭის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 კონტრაქტორი კომპანიის 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ათეული სპეციალისტი.
სტიქიის ზონაში, სულ 48 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომელთაგან 40 უკვე გაიწმინდა, 8 სახლი კი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.
გარესამყაროს მოწყვეტილ 8 სოფელში დარიგდა 770 სასურსათო კალათა, პროდუქტი და მედიკამენტები.
გიორგი გახარია ადგილობრივ მაშველებს შეხვდა, რომლებსაც სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, სადაც ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტი და მედიკამენტები ფეხით აჰქონდათ. პრემიერმა მათ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ღარის, შოვის ხიდისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, ასევე - გომი-ჯინჭვისის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს.
სოფელ ნაკიეთსა და ჟამიერეთში გიორგი გახარია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა. აღნიშნულ სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ჯამში 12 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. მთავრობის მეთაურმა ონის მუნიციპალიტეტის მერს დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის უმოკლეს ვადაში მოგვარება დაავალა. პრემიერის დავალების შესაბამისად, თითოეული ოჯახის პრობლემა ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, ასევე ადგილობრივებთან მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციაში იქნებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიით მიყენებული ზარალი მოსახლეობას მაქსიმალურად შეუმსუბუქოს. მისივე თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა, რომელიც რეგიონში განვითარებული მოვლენებისთანავე პრემიერის დავალებით შეიქმნა. პრემიერ-მინისტრმა შტაბის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრის მიმართულებით კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული ოპერატიული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა.
„შტაბის მუშაობა საკმაოდ ეფექტური იყო თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებთ 1 თვე დაგვჭირდებოდა გზების აღსადგენად. დღეს, მე რა ც ვნახე, ფაქტობრივად, მაღალი გამავლობის მანქანისთვის ყველა სოფელი მისაწვდომია, შესაბამისად, ვერტმფრენები აღარ დაგვჭირდება და სოფლებთან გადაადგილება იქნება მაღალი გამავლობის მანქანებით. მსუბუქი მანქანებისთვის ალბათ დაგვჭირდება კიდევ 3-4 დღე. აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, კერძო კომპანიას, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად იმუშავა, შტაბის თითოეულ წარმომადგენელს, საგანგებო სამსახურს და ჩვენს მაშველებს, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ სოფელში მიდიოდნენ და ხალხთან წამლიდან დაწყებული ყველაფერი მიჰქონდათ. როგორც შედეგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთმა გუნდურმა ეფექტურმა მუშაობამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენ ცოტა უფრო ადრე მივეცით მოწყვეტილ სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომ ცხოვრების ნორმალურ წესზე გადავიდნენ. რამდენიმე დღის მონაცემებით, მე რაც ვნახე, დაახლოებით ალბათ 2 სოფელში 12 სახლი იქნება გასასახლებელი, ეს პროცესი დაწყებულია, დღეს დავალება მიეცა ადგილობრივ თვითმმართველობას და დღეიდან ყოველდღიურ სატელეფონო კავშირზე იქნებიან ამ ადამიანებთან იქ რაიმე რისკი რომ არ შეიქმნას, ერთი ბზარი და სასწრაფო რეაგირება უნდა იყოს, თუ უკვე გასასახლებელია სასწრაფოდ ქირით გადაიყვანენ, პროცესი კონტროლზეა და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პირველ ეტაპს ალბათ კიდევ დასჭირდება 1 კვირა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.