გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას გაეცნო

11-08-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს, - სამშენებლო სამუშაოებს მთავრობის მეთაური დღეს "ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 30 წელზე მეტია ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება არ აშენებულა, წელს კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 2 საჯარო სკოლა შენდება - სოფელ კაბალში - 300, ხოლო სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლები.

ამასთან, სრული რეაბილიტაცია უტარდება ასევე სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლას. სამივე სკოლა კეთილმოეწყობა სპორტული მოედნებით და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის სველი წერტილების მოწესრიგება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, დანარჩენ სკოლებში ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ ჩატარდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

გასულ წელს მუნიციპალიტეტში, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის №1, აფენის №1, ვარდისუბნისა და განჯალის სკოლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2019 წლიდან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა და ხელი შეუწყო ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერებას. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031