გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშესაწყობად სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს

13-08-2020

არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს განახორციელებს.

იმისათვის, რომ ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტი.

პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

ცვლილებები შედის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის მიზნობრიობით. ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.

ქვეკომპონენტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 1 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა განისაზღვრება 12 თვით და სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.

სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930