25-08-2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ხელოვნური ბარიერების შექმნის თაობაზე ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირველ რიგში სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს საქართველოში წარმოდგენილი, რათა „ქართულ ოცნებას“ მიეცეს შესაძლებლობა სწორედ საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით აჩვენონ პარტნიორებს თუ როგორ წარმართავენ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები საკუთარ საარჩევნო კამპანიას.
„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გვექნება საშუალება სწორედ საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით ვაჩვენოთ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები იქნებიან ორიენტირებული საკუთარ გეგმებზე, საარჩევნო სტრატეგიაზე თუ ისინი მიმართავენ ბინძურ მეთოდებს, იქნებიან ორიენტირებული ძალადობრივ კამპანიაზე.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ შეუფერხებლად მიეცეთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ საქართველოში და მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
ჩვენი გუნდი ამუშავებს მთელ რიგ საკითხებს პარტნიორებთან ერთად, რომ შეუფერხებლად, მაქსიმალურად ნაკლები ბარიერების საფუძველზე, ამასთანავე მათი ჯანმრთელობისთვის რისკების გარეშე უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებლების წარმოდგენა საქართველოში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.