გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მთიანი აჭარა უნიკალური პოტენციალის მატარებელი კუთხეა

30-08-2020

მთიანი აჭარა, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ბუნებით, განვითარების პოტენციალით, რა თქმა უნდა, ბათუმთან ერთად, არის უნიკალური პოტენციალის მატარებელი კუთხე საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხულოში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კუთხე, ქვეყნისთვის ყოველთვის სამაგალითო იყო.

„მოგესალმებით აჭარის და საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ხულოში. პატივია, აქ, თქვენთან ყოფნა და საუბარი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მომავალზე, მაგრამ, სანამ ამ საუბარზე გადავალთ, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს კუთხე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო სამაგალითო. მთიანი აჭარა, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ბუნებით, განვითარების პოტენციალით, რა თქმა უნდა, ბათუმთან ერთად, არის უნიკალური პოტენციალის მატარებელი კუთხე საქართველოში. ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, თქვენი წარმატება და ის, რაც ბათუმსა და აჭარაში ხდება, აჭარის განვითარება, ყოველთვის იყო, არის და იქნება საამაყო თითოეული ქართველისთვის. ეს ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ ხულოში და ხაზი გაუსვა, რომ ის, თუ რა გაკეთდა ხულოს მუნიციპალიტეტში, ამას ყველა ხედავს და არ სჭირდება დამატებითი სიტყვები.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაპირება იყო ისეთი, რომელიც ცოტა უფრო ადრე უნდა განგვეხორციელებინა, როგორიც არის, მაგალითად ხულო-ზარზმის გზა, მაგრამ ახლა, აქ ვართ ყველა და ყველამ უნდა იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადრე უნდა დაწყებულიყო და ადრე დამთავრებულიყო, უახლოეს 3 წელიწადში, ეს გზა დაიწყო უკვე და დასრულდება. ეს არ არის დაპირება, ეს უკვე საქმეა. ეს ისეთი საქმეა, რომელიც ჩვენ, ბევრი დავიწყეთ და დასასრულებელი გვაქვს, ისევე, როგორც ხულოს და მაღალმთიანი აჭარის, საერთოდ, გაზით მომარაგება. მაგისტრალური გაზი აქ უკვე გამოყვანილია, დაერთება დროის საკითხია და ესეც, სისტემური ინფრასტრუქტურის მოგვარების თემაა. შემდეგი თემაა სასმელი წყალი, რომელიც ასევე უნდა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველამ ჩვენს მომავალ თაობაზე, ინფრასტრუქტურულად სკოლები მოვიყვანოთ წესრიგში, ავაშენოთ ახალი საბავშვო ბაღები და ა.შ ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და ამის გაკეთების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ხულოში და მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს, არაფრით უნდა განსხვავდებოდეს ადამიანისგან, რომელიც ბათუმში ან თბილისში ცხოვრობს. მათ თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, იმის მიუხედავად, რა წინააღმდეგობები გველის წინ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარია, რომ ერთად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად მოვუაროთ ამ კუთხეს და ამ ქვეყანას იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, გამართული ევროპული სახელმწიფო.

„არ იქნება მარტივი, პანდემიაა, ეკონომიკური კრიზისია, ყველა კარგად ვხედავთ, მაღალმთიან აჭარას როგორ დაეტყო ტურისტის შემცირება. ჩვენ ახლა გადასული ვართ შიდა ტურიზმის სტიმულირებაზე, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. მთავარია ის, რომ უნდა გვჯეროდეს და ვიცოდეთ, რომ ერთად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად უნდა მოვუაროთ ამ კუთხეს და ამ ქვეყანას იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, გამართული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ის, რაც უნდა დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს და ჩვენს შვილებს.

დარწმუნებული ვარ, ამაში თქვენი არჩევანიც მოგვეხმარება, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმოადგენს ხულოს ხმას როგორც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ კარგად იცნობთ და რომლებსაც თავისი ცხოვრებით, განვლილი გზით დაუმტკიცებიათ, რომ პირველ რიგში ზრუნავენ მაღალმთიან აჭარაზე, ხულოელებზე და რაც მთავარია, ადამიანზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ 31 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიანად. გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930