გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში, ყველა მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა

31-08-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ  ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ამ ულამაზეს მხარეში ვიმყოფები და საშუალება მაქვს მოგმართოთ თქვენ, საკუთარ კუთხეზე შეყვარებულ პატრიოტ ქართველებს, რომლებიც ამ საოცარ ადგილს მომავალ თაობებს უნარჩუნებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხულო ტოლერანტობის, სიყვარულის, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რაც შეუძლებელია, აღფრთოვანებას არ იწვევდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მხარეს სტუმრობს.

არავისთვის არის უცხო, რომ მაღალმთიანი აჭარა საოცარი ბუნებით, უგემრიელესი, მხოლოდ ამ ადგილისთვის დამახასიათებელი კერძებით გამოირჩევა, რაც უნიკალურ ნიადაგს ქმნის ტურიზმის სფეროს განსაკუთრებული განვითარებისთვის. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი და საზრუნავიც სწორედ ის არის, რომ თოთოეული რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული. საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით განვავითაროთ კონკრეტული სფეროები, რაც, პირველ რიგში, სწორედ თქვენი, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე აისახება.

დარწმუნებული ვარ, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, ყველა მიმართულებით მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ხულოში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასოფლო სამეურნეო და ტურისტული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რაშიც მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო, გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქ, ამ მუნიციპალიტეტში აქამდე არნახული რაოდენობისა და მასშტაბების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, აშენდა ხიდები, რაც მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს იმ საქმეების ძალიან მოკლე და პატარა ჩამონათვალია, რაც ბოლო წლების განმავლობაში იქნა განხორციელებული კონკრეტულად ხულოს მუნიციპალიტეტში, თუმცა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებისა, მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტებისა, მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ, ხულოში , აჭარაში, ჩვენს ქვეყანაში არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი პასუხები. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ გამოწვევებსა და პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ და ყველა პრობლება გადავლახოთ თავაწეულებმა.

დღეს, ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ გვინდა წარმოგიდგინოთ ორი ადამიანი, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ადამიანებს ექნებათ თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა.

ჩვენ 2012 წელს მივაღწიეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ სრულიად საქართველო გაერთიანდა და არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მშვიდობიანი გზით გავიმარჯვეთ არჩევნებში. 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მჯერა, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებას.

ჩვენ, ჩვენი წარმატებებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930