გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია ბავშვებს ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს

1-09-2020

კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მშობლებს საფრთხეების შემცირების ეფექტურ მექანიზმს აძლევს. დღეიდან, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე. კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ. კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის დამატებით საკუთარი ინიციატივით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები საკუთარ ვალდებულებებს.

გარდა ამისა, ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მაუწყებლები ვალდებული არიან, საკუთარი ბადე დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს. ტელეკომპანიები ვალდებული არიან საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 6 საათიდან 24 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 23 საათამდე; 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 21 საათამდე, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 21 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები 1000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.

შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ასევე, ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებისა და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, როგორიც კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობაა, მედიაწიგნიერების ფარგლებში უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930