1-09-2020
„საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა შესაბამისი განკარგულება და დღეს უკვე საპარლამენტო არჩევნების კამპანია ოფიციალურად ძალაში შევიდა. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და „ქართული ოცნების“ გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში და ჩვენი კამპანია უკვე დაწყებულია ამ პრინციპებზე დაფუძნებით და კიდევ უფრო გამყარდება და იქნება ნამდვილი ევროპული ტიპის, საქმეზე ორიენტირებული, შინაარსიანი, თემატური და მრავალფეროვანი, რადგანაც ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.
მმართველი ძალის ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება ხედავდეს ვინ როგორ მომზადებული ხვდება საარჩევნო პროცესებს, ვის რა მიზნები გააჩნია, ვინ რა ტაქტიკას ირჩევს და როგორ ელაპარაკება საკუთარ ამომრჩეველს.
„მაგალითად, რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან მთელი თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მხოლოდ ერთ სურათს - ხან როგორ ვერ თანხმდებოდნენ მაჟორიტარ კანდიდატებზე, ხან როგორ თანხმდებოდნენ, ხან მერე ისევ როგორ ვერ თანხმდებოდნენ და ამით, ფაქტობრივად, გაიკოტრეს საბოლოოდ ისედაც გაკოტრებული იმიჯი და რეპუტაცია ჩვენი მოსახლეობის წინაშე.
სულ რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის რუკა, სადაც გაწითლებული იყო საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები და ეს ჩემთვის იყო ძალიან შემაძრწუნებელი. დავეთანხმები მდინარაძეს, როდესაც მან თქვა, რომ თავიდან ფეიკი ეგონა და მეც თავიდან ყალბი და სიცრუე მეგონა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ატრიბუტიკის გამოყენებას ვინმე გაბედავდა, მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიაში. დიახაც, საქართველოს რუკას ისეთივე პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, როგორც ჩვენს ეროვნულ დროშას და არავისა აქვს უფლება, რომ საარჩევნო რეკვიზიტად გამოიყენოს, დაქუცმაცებულად წარმოაჩინოს ის რუკა, რაც ჩვენთვის ორგანულია და განუყოფელია, ამიტომ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად დადგება და დარწმუნებული ვარ ამისი პასუხი იქნება მოახლოებულ არჩევნებში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ დღეებში ბოდიშის მოხდის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც დაკისრებულ სასჯელს მოიხდის.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფარისევლურ ბოდიშის მოხდას - დიახ, ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება ექნებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სამი ინსტანციით მსჯავრდებული ადამიანი მოიხდიდა სასჯელს, გამოვიდოდა საპატიმროდან და მაშინ მოიხდიდა ბოდიშს მთლიანად საზოგადოების წინაშე და იმ ოჯახების წინაშე, რომლებიც გააუბედურა თავისი მტარვალი რეჟიმის დროს და არა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი ორ თვეზე ნაკლები. ამიტომ არ არის ის გულწრფელი. ამიტომ იტყუება ის ამჯერადაც. და ეს არის ზუსტად იმის სახე და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მას მხარს დაუჭერს, ვინც მის „გაპრავებას“ ეცდება, ავტომატურად იქნება მხარდამჭერი და თანამოაზრე მისი წარსულში ჩადენილი დანაშაულების, იმიტომ, რომ მომავალში მას დანაშაულის ჩადენის უფლებას და საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მას, გამოსწორების შანსი შეიძლება მივცეთ, როდესაც ის საბოლოო ჯამში ნამდვილად აღმოჩნდება ქართულ საპატიმროში, რადგანაც სამართლიანობა იმსახურებს ამას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ასეთ ტყუილებს რომ კადრულობთ ახლა, წინასაარჩევნოდ, რამდენ ტყუილსაც იკადრებთ, იმდენი მწარე პასუხი იქნება არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ ქართული საზოგადოების მხრიდანაც. „ქართული ოცნება“ თავის ამომრჩეველს და მოსახლეობას ელაპარაკება მხოლოდ საქმეზე, ელაპარაკება მხოლოდ მომავალზე, რადგანაც ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის, რომ ერთად ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის - საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.