8-09-2020
გერმანიის დახმარებით ახალციხის მერია ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდაქმნას გეგმავს.
დღეს, გერმანიის მთავრობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამას – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ და ახალციხის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა კრისტოფ ბაიერმა მოაწერეს.
შეხვედრას სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მემორანდუმი ითვალისწინებს კონცეფციის შემუშავებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდასაქმნელად, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევასა და თემატური სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩა №124-ში (ე. წ. სასაზღვრო ქალაქის ტერიტორია) წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი სამხედრო ბაზა მნიშვნელოვნად აფერხებდა ქალაქის განვითარებას. გასულ წელს ყოფილი ბაზის ტერიტორიის ნაწილი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახალციხის მუნიციპალიტეტს გადაეცა. მუნიციპალიტეტის მიზანია მოხდეს ამ ტერიტორიის სრული ინტეგრირება ქალაქის ურბანულ სისტემაში, რაც ბიძგს მისცემს ქალაქის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, სწორად ამ მიზნით იგეგმება აქტიური თანამშრომლობა გერმანულ მხარესთან.
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 2020 წლის 1-ლი აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ – განხორციელება. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.