გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„რთველი 2020“-ის ფარგლებში უკვე 40 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

14-09-2020

მიმდინარე წლის 14 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 40 ათას ტონამდე ყურძენი: 28 ათასი ტონა რქაწითელი, 8 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები ოპერატიულად არეგულირებენ ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადებს, რაც რთველის პიკური პერიოდისთვის დამახასიათებელია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 40-მდე დიდი და საშუალო ღვინის კომპანია.

მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 235 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 67 ღვინის საწარმო.


მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 შეუძლია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930