გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

18-09-2020

მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს, ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველმა, ივანე მაჭავარიანმა, მონაწილეობა მიიღო ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაში.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

როგორც ცნობილია, გასული წლის ნოემბერში, ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

მმართველთა ბიზნეს სესია გახსნა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ - სამხრეთ კორეის მხრიდან ბანკის მმართველმა, სამხრეთ კორეის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჰონგ ნამ-კიმ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ, რომელმაც მიმოიხილა ADB-ის 2019 წლის საქმიანობა, მიმდინარე წლის გამოწვევები და ბანკის სამომავლო გეგმები.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბანკის როლს კოვიდ -19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც მან აღნიშნა, ბანკმა კოვიდ -19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის. ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის უარყოფითი შედეგები ეკონომიკებისთვის იქნება გრძელვადიანი, რისთვისაც საჭირო იქნება ყველა ქვეყნის კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობა გამოწვევების დასაძლევად.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაგრძოთ და გავაძლიეროთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ასევე, მნიშვნელოვანია, ადამიანური კაპიტალის განვითარება, რისთვისაც აუცილებელია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმირება. აზიის განვითარების ბანკს აქვს დიდი გამოცდილება რეფორმების მხარდაჭერაში და აუცილებელია ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველო აქტიურად უჭერს მხარს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, ბანკის წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, საბაჟოსა და საზღვრისპირა ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება. მეტი ინტეგრაცია და ღიაობა, ნაკლები ბარიერები - ესაა ის ძირითადი საფუძვლები, რომელზეც უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას.

„კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, ვფიქრობ, ყველას გესმით, თუ რა გამოწვევების წინაშე გვაყენებს აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობა. თუმცა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, მომავალ წელს თბილისში გავმართოთ აზიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი წლიური შეხვედრა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930