14-04-2018
ექიმის დაუდევრობა თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. შაქრო ჩხეიძის შვილმა, გია ჩხეიძემ მამის საფლავი ამოთხრა, რათა დარწმუნებულიყო, ცხედარი ნამდვილად შაქრო ჩხეიძეს ეკუთნოდა თუ არა.
ჩხეიძეების ოჯახმა საფლავის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ექსპერტიზიდან გადმოსვენების შემდეგ გვამი მათი დასწრების გარეშე დამარხეს. გია ჩხეიძე ამბობს, რომ პროკურატურის წარმომადგენლები გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა ოჯახის წევრებს მაინც არ დაელოდნენ.
გვამის ექსგუმაციის გადაწყვეტილება ოჯახმა მას შემდეგ მიიღო, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ შაქრო ჩხეიძე ექიმის დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. 71 წლის მამაკაცს 6 მარტს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგმა, გიორგი გერლიანმა ერთი კვირის განმავლობაში ოპერაცია ორჯერ გაუკეთა, შედეგი კი ფატალური აღმოჩნდა.
ოჯახმა საგამოძიებო უწყებას 1 თვის წინ მიმართა, ამბობენ რომ გამოძიება სწრაფად დაიწყო, თუმცა, უწყებამ ექსგუმაციის პროცედურა დაგვიანებით ჩაატარა და ახლა იმის იმედიც აღარ აქვთ, რომ ექსპერტიზა სწორ პასუხს დადებს.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაინტერესდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
უწყება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოწმების ჩასატარებლად სასამართლოს ბრძანებას ელოდება.