გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალების მოიერიშე შვეულმფრენები კაპიტალურად გარემონტდება

10-10-2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. წელს პირველად, ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად აღდგება და გარემონტდება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბრძოლო შვეულმფრენები, რომლებიც შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზიდან თბილისის საავიაციო ქარხანაში უკვე განთავსდა. კაპიტალური რემონტი 5 ერთეულ მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენს ჩაუტარდება.

ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად იმუშავებენ. საავიაციო ქარხანამ ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენები გაარემონტა და შეაკეთა, რის შედეგადაც ქართველ სპეციალისტებს აღნიშნული ტიპის შვეულმფრენზე მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ასევე, ჩატარდა „დელტას“ კუთვნილი სარემონტო საამქროებისა და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რემონტი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოიერიშე შვეულმფრენების კაპიტალურად გარემონტება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2019 წლის დეკემბერში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებებს, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსებს, საფრენ აპარატებს და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულფრენების მი-8 მტვ, UH -1-ების და სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.
საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930