12-10-2020
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 600 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.
უწყების ცნობით, წელს, რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.
მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და COVID-19 პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
რთველი დასკვნით ეტაპზეა კახეთში, სადაც დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია 267 ათას ტონამდე ყურძენი.