გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: არ იქნება მარტივი, მაგრამ როგორც ერთად გავუმკლავდით ვირუსის პირველ ტალღას, ასე უნდა დავირაზმოთ და ერთიანობით გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც

16-10-2020

ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას და რომელთა შრომითაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს წარმატებული, ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩოხატაურში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა არის გასაკეთებელი.
„მოგესალმებით, ჩვენო გურულებო! დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა, ამ მყუდრო და თბილ გარემოში, ჩვენი ქვეყნისა და გურიის ხვალინდელ დღეზე საუბარი. ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას და რომელთა შრომითაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს წარმატებული, ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა არის გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენად განვითარდა სისტემური ინფრასტრუქტურა, გზები, გაზმომარაგება, წყალი, მაინც ისეთ საკითხებში, როგორიც არის წყალმომარაგება, სასმელი და საირიგაციო წყალი, ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა მოვიყვანოთ წესრიგში, ისე როგორც ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ ევროპაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ სადმე წასვლა, არ უნდა იყოს დიდი სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი - ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა თუ თბილისში, მას ყველგან უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმ აშკარა პროგრესისა, რომელიც სისტემურ ინფრასტრუქტურაშია, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
„ძირითადად ეს იქნება წყალი, გაზმომარაგება, საირიგაციო, სარწყავი წყლები, გზები და ა.შ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალი თაობა ნორმალურ, კომფორტულ და რაც მთავარია ისეთ გარემოში იღებდნენ განათლებას, რომ მათ შეეძლოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა. დღეს, სამწუხაროდ, ყველას პირბადე გვიკეთია და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება მთელს მსოფლიოში. როგორც დღეს ეპიდემია არის გლობალური, კონკურენციაც იქნება გლობალური და ჩვენს შვილებს მოუწევთ დიდი და სისტემური ქვეყნების შვილებთან კონკურენცია. ამიტომ, განათლება, ჯანდაცვა, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.
„ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვიწევს გამოწვევებით სავსე პერიოდში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პანდემიას. რამდენადაც გასაკვირი და რთულად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. მაგალითად, გუშინწინ მსოფლიოში დაინფიცირდა 380 000 ადამიანი. არ მინდა ვირუსის სიმძიმეზე საუბარი, რადგან როგორც ჩვენ ერთად გავუმკლავდით პირველ ტალღას, ასე უნდა დავირაზმოთ და ერთიანობით გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც. ეს არ იქნება მარტივი. ვერავინ დაგპირდებათ და ტყუილი იქნება, თუ ვინმე დაგპირდებათ, რომ ვირუსი ერთ დღეში გაქრება, ან ცალკე აღებული საქართველო შეძლებს ამ გამოწვევის და კრიზისის დამარცხებას. რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას ერთად, შრომით, ელემენტარული წესების დაცვით. რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, პირბადე უნდა ვატაროთ და დისტანციაც უნდა დავიცვათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ხანდაზმულები და მოხუცები და იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისი არ გაღრმავდეს ისე, რომ შემდგომ ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის ბევრი დრო დაგვჭირდეს. უნდა დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც ძვირფასია ამ კუთხისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს.
„მე ერთ რამეს შემიძლია დაგპირდეთ, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრი ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც ჩვენ გავაგრძელებთ ამ პანდემიასთან ბრძოლასაც და რა თქმა უნდა, შემდგომი 4 წლის განმავლობაში მუშაობას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს. დღეს, ჩვენ, ისეთი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოქალაქეების, რომელსაც ვგრძნობთ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეს გამარჯვება არ დავაყენოთ რისკის ქვეშ. ნებისმიერ პროვოკაციას უნდა გავუძლოთ ღირსეულად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში, ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930