გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
უცნობი ფაქტები სტალინის ცხოვრებიდან: ბერძნული ენა ბრწყინვალედ იცოდა, უყვარდა ბიბლიის ციტირება, ბავშვობა მძიმე ჰქონდა - დედ-მამა ხშირად სცემდა...

17-04-2018

ინტერვიუში მოსკოვის ა.პუშკინის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის („ალექსანდრინის თეატრის“) სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი ფოკინი საუბრობს მძაფრი ისტორიული მოვლენების ამსახველი ახალი სპექტაკლის შესახებ, რომლის მთავარი გმირი იოსებ სტალინი იქნება. „მომავალი სასცენო წარმოდგენა ან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მონანიების პროცესში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ანდა კიდევ უფრო გაამწვავებს იმ ადამიანებთან დამოკიდებულებას, რომლებსაც იოსებ სტალინი ეროვნულ სიმაყედ მიაჩნიათ“, - ნათქვამია ინტერვიუს წინათქმაში.



ვალერი ფოკინი საუბრობს იოსებ სტალინის ბავშვობა-ახალგაზრდობის პერიოდზე, მის მშობლებზე - კეკსა და ბესარიონზე, ეკლესიასთან დამოკიდებულებაზე და სხვა მრავალ საკითხზე.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- დარჩა კიდევ რაიმე იოსებ სტალინის ბიოგრაფიიდან შეუსწავლელი?


- ძალიან ბევრი. პიესის ავტორი არტურ სოლომონოვი თბილისში სპეციალურად ჩავიდა და ისტორიულ და პარტიულ არქივებში დაცული მასალები გამოიკვლია, იქ ბევრი უცნობი და ნაკლებად ცნობილი დოკუმენტები იპოვა. კეკეს მოგონებებიც კი დღემდე სრულად არ გამოქვეყნებულა. თავის დროზე მისი დაბეჭდვა აკრძალული იყო. არადა, დედამისმა არამარტო მოგონებები დაწერა, არამედ ინტერვიუც მისცა 1920-იანი წლების ბოლოს. იოსებ სტალინი ძალიან შეშინდა ამ ინტერვიუს გამო, თუმცა მასში სრულიად ნორმალური ფაქტები იყო წარმოდგენილი: დედა იხსენებს ვაჟის ბავშვობას - როგორი იყო ის, როგორ მირბოდა დედასთან თანატოლებთან ჩხუბის შემდეგ...


- და როგორ ჩხუბობდა იოსები?


- ძალიან მზაკვრულად: ზურგიდან ეპარებოდა ჩუმად და ისე ურტყამდა ხოლმე. ეს მისი თანატოლების მონაყოლიდანაც არის ცნობილი. ყველამ ვიცით ბავშვობიდან, რომ წაქცეულს აღარ სცემენ, მისთვის კი ეს წესი არ არსებობდა...


- რამდენადაც ცნობილია, იოსები საეკლესიო გუნდშიც მღეროდა...


- მას მართლაც მშვენიერი ხმა ჰქონდა! ხალხი სპეციალურად მიდიოდა ეკლესიაში მის მოსასმენად. ყრუ ხმა და დაყოვნებული მეტყველება სტალინმა მოგვიანებით გამოიმუშავა - იგი კარგი მსახიობიც იყო. დაყოვნებული მეტყველება ხომ იმის საშუალებაა, თვალი ადევნო სიტუაციის განვითარებას შენი გამოსვლისა და ლაპარაკის დროს. ძალიან ბევრი ჩანაწერია, როგორ იქცეოდა სტალინი საჯარო გამოსვლებისას: დარბაზი მის გამოჩენას ტაშით ხვდება, ისმის შეძახილები, მქუხარე აპლოდისმენტები, იოსებ სტალინი კი სრულიად სხვა რიტმით მოქმედებს - დინჯად იღებს „ბორჯომის“ ბოთლს, ხსნის, ჭიქაში ცოტას ახამს, დგამს, ბოთლს საცობს ახურებს, იღებს ჭიქას, ნელ-ნელა ორ ყლუპს აკეთებს... დარბაზი კი გაგიჟებულია აღტაცებისგან... იგი ჭიქას დგამს, აუჩქარებლად იწმენდს ულვაშებს... ამ დროს ყველა აჩქარდებოდა, იოსებ სტალინი კი არა.


- ეს სტილი ბავშვობიდან მოჰყვებოდა, როცა მზაკვრულად ჩხუბობდა და იმავდროულად მშვენივრად მღეროდა საეკლესიო გუნდში?


- შეიძლება. იოსებ სტალინს ბავშვობა ძალიან მძიმე ჰქონდა. ღარიბი ოჯახი, მამა - ხარაზი. ორი უფროსი შვილი მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა. დედ-მამა ეკლესიაში მუხლებზე დახოხავდნენ, რომ იოსებიც არ გარდაცვლილიყო. იგი დაბადების დროიდანვე ხშირად ავადმყოფობდა. მშობლები ნატრობდნენ, რომ ცოცხალი დარჩენილიყო. ბავშვობაში ყვავილი შეხვდა და სახე ნაყვავილარი დარჩა. ხუთი წლისა იყო, როცა ცხენიდან ჩამოვარდა, ფეხით დაკოჭლდა და ხელიც იტკინა... მოგვიანებით მამამისი ბესო სასმელს მიეძალა, თვრებოდა და შვილს ხშირად სცემდა. სხვათა შორის, ხელს არც დედა არ აკლებდა. თან ხმები ვრცელდებოდა, რომ სოსო კეკეს ბესოსაგან კი არ ჰყავდა, არამედ სხვისაგან. ბესო ძალიან ეჭვიანობდა, დედასაც ურტყამდა და შვილსაც... პატარა სოსო ხშირად ზამთარში, თოვლზე შიშველი ფეხებით გაქცეულა მეზობელთან, რათა შველა ეთხოვა. მას შემდეგ სტალინი მთელი სიცოცხლე თბილ წინდებს იცვამდა.
როცა 1930-იან წლებში ლავრენტი ბერიამ კეკე კრემლში ჩაიყვანა, იოსებმა დედას [ნახევრად ხუმრობით] ჰკითხა: „რატომ მცემდი, ახლა მაინც მითხარიო“. დედამ ასე უპასუხა: „რომ არ მეცემე, განა ასეთი დიდი კაცი გახდებოდიო?“.


- მოსწრებული ნათქვამია...


- დიახ, თუმცა ყველაზე მოსწრებულად კი იცი, ვინ თქვა? მიტროპოლიტმა სერგი სტაროგოროდსკიმ, რომელიც იოსებ სტალინმა გერმანიასთან ომის დროს ბანაკიდან დააბრუნა და უთხრა: „გახსენი ეკლესიები და სემინარიებიო“. თან დაიჩივლა: „რატომ გვყავს ასე ცოტა მღვდლები?“ (არადა, რელიგიის მსახურები სწორედ მისი ბრძანებით დაიჭირეს და დახვრიტეს). ამაზე სერგი სტაროგოროდსკიმ გენიალურად უპასუხა: „ჩვენ მღვდლებს ვზრდით, ისინი კი გენერალისიმუსები ხდებიან“. მართლაც მაგარია ასეთი პასუხის მოფიქრება.


- როგორც ამბობენ, იოსებ სტალინს ბიბლიის ციტირება უყვარდა...


- რა თქმა უნდა! არის დაცვის თანამშრომლების მოხსენებები, რომლებიც კუნცევოს აგარაკის ოთახის კართან იდგნენ. ისინი ავტომატებით არიან შეიარაღებულნი, გაჭიმულები დგანანა და ამ დროს ესმით: სტალინი მღერის (გალობს) „ნეტარ არიან გლახაკნი“... მან ბერძნული ენა ბრწყინვალედ იცოდა ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროიდან, სადაც იგი ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, შესაბამისად, დიდი ცოდნის დაუფლება შეძლო. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი ბიბლიოთეკა აღწერეს - 30 ათასი წიგნით, ყველა მონიშნულ-წაკითხული...




წყარო: «Новая газета» (რუსეთი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930