გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 5,7 პროცენტით გაიზარდა

21-10-2020

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2 პროცენტით);

- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 896.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.7 პროცენტით);

- მშენებლობა - 1 631.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით).

2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში - 5.7 პროცენტი, კაცებში - 6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

საქსტატის ინფორმაციითვე, 2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 973.7 და 1 211.1 ლარი შეადგინა.

2019 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 5.5 პროცენტით გაიზარდა და 1 161.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 104.5 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.2 პროცენტით), ასევე მშენებლობის (1 641.8 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

2019 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 6.0 პროცენტით და 1 068.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ქალაქი თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ლიდერობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930