გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია: პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული

29-10-2020

კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივ და რაოდენობრივ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში 1-ლი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

"თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, ტელეიმედს, ტელეკომპანია პირველს და მთავარ არხს ჩაუტარდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა. რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. 6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, დაკვირვება განხორციელდა სამაუწყებლო სტანდარტების: ბალანსის, სიზუსტის, რელევანტურობის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვების, ასევე სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის, დისკრიმინაციისა და ვიზუალური/აუდიო მანიპულაციის ჭრილში.

მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანია, თუმცა „ტელეიმედის“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ პოლარიზებულია წინასაარჩევნო მედია გარემო. ცალსახაა მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის მიმართ. საინფორმაციო გამოშვებები, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები გამოირჩევა ბალანსისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით. „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ პროგრამებში ხშირია ეთიკური ნორმების დარღვევა, ამავე არხებზე ხშირად გვხვდება შეცდომაში შემყვანი, ყალბი ინფორმაცია, ისმის მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. ასევე, „მთავარი არხის“ შემთხვევაში ხშირია სიძულვილის ენის და უცენზურო ლექსიკის გამოყენების შემთხვევები.

საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად დაბალანსებული და ეთიკური სტანდარტების დაცვით განთავსებულია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მეტწილად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და „რუსთავი 2“-ზე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტ საარჩევნო სუბიექტს ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო.

რაც შეეხება ძირითად მიგნებებს და ანალიზს, მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში ეთიკური სტანდარტები და წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისას ბალანსი დაცული იყო. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას სიუჟეტებში ხელისუფლების (მთავრობის და „ქართული ოცნების“) წარმომადგენლები სარგებლობდნენ როგორც პირველი, ისე დასკვნითი სიტყვის უფლებით. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში, წამყვანები გამოირჩევიან კრიტიკული კითხვებით და ანალიზით, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: საქართველოს მთავრობა - 24.8% (პოზიტიური - 37%, ნეგატიური - 5%), „ქართული ოცნება“ - 17.0% (პოზიტიური - 31%, ნეგატიური - 18%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 12.3% (პოზიტიური - 9%, ნეგატიური - 26%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება მეტწილად დაცული იყო ასევე აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა, მაუწყებლის ეთერში ყველაზე მეტი დრო აჭარის მთავრობას დაეთმო. საანგარიშო პერიოდში პირდაპირი დრო, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს ეთმობოდათ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: აჭარის მთავრობა - 25.7% (პოზიტიური - 49%, ნეგატიური - 5%), ქართული ოცნება - 19.5% (პოზიტიური - 40%, ნეგატიური - 29%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 18.4% (პოზიტიური - 15%, ნეგატიური - 28%), საქართველოს მთავრობა - 10.7% (პოზიტიური - 35%, ნეგატიური - 16%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მთავრობის და „ქართული ოცნების“ მიმართ პოზიტიური, ხოლო ოპოზიციის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. სიუჟეტებში არ არის დაცული ბალანსი, როგორც წესი არ ხდება საპირისპირო პოზიციის გაშუქება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უმეტესად მთავრობის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან მიწვეული. „იმედის“ ეთერში საუკეთესო დროს გასულ არც ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში არ არიან მიწვეული ოპოზიციის წარმომადგენლები. პოლიტიკური გადაცემები ცალმხრივია, არ გამართულა დებატები. ახალ ამბებში დრო ეთმობოდა: ქართული ოცნება - 43.3% (პოზიტიური - 34%, ნეგატიური - 2%), საქართველოს მთავრობა - 26.9% (პოზიტიური - 43%, ნეგატიური - 1%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 18.9% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 77%), ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ „რუსთავი 2“-ზე „კურიერის“ წამყვანები ახალ ამბებს მეტწილად ეთიკური სტანდარტების დაცვით აშუქებენ, თუმცა გვხვდება სიუჟეტები, სადაც რაოდენობრივი ბალანსი დარღვეულია, კერძოდ, მთავრობისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უფრო მეტი დრო ეთმობათ, ვიდრე ოპოზიციას. არის შემთხვევები, როცა წამყვანები ირონიულ გამონათქვამებს იყენებენ ოპოზიციური ძალების მიმართ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება - 25.6% (პოზიტიური - 32%, ნეგატიური - 12%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 21.6% (პოზიტიური - 14%, ნეგატიური - 32%), საქართველოს მთავრობა - 15.4% (პოზიტიური - 32%, ნეგატიური - 5%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მონიტორინგის შედეგის მიხედვით, „ტვ პირველი“ მკვეთრად ნეგატიური და ტენდენციურია მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. საარჩევნო აქტივობების მხრივ მხოლოდ ოპოზიციური პარტიებია გაშუქებული. სიუჟეტებში აქცენტი კეთდება გამოძიებებზე და შესაძლო კორუფციის ფაქტებზე, თუმცა არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და ეყრდნობა ვარაუდებს. მომზადებული რეპორტაჟებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების და მოვლენების დრამატიზების გასაძლიერებლად ხშირად გამოყენებულია გადაცემის მიმდინარეობისას კონკრეტული რეპორტაჟის ხმაურიანი ანონსი, რომელსაც თან ახლავს სპეციალურად შერჩეული დრამატული მუსიკა. აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც გადაცემის წამყვანები პირდაპირ ეთერში აფიქსირებენ მხარდაჭერას ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება - 37.7% (პოზიტიური - 16%, ნეგატიური - 48%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 22.9% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 20%), საქართველოს მთავრობა - 12.1% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 40%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ღიად ახდენენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დეკლარირებას და მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას მმართველი პარტიისა და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. მათი ტექსტები და შეფასებები ხშირ შემთხვევაში გაჯერებულია სიძულვილის ენით და ამავდროულად ხშირია უცენზურო ლექსიკის გამოყენება. საინფორმაციო გამოშვებებში გვხვდება ყალბი ამბები, სადაც სიუჟეტი მთლიანად აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე და შეფასებებზე. პანდემიის გაშუქება იყო მკვეთრად ნეგატიური, ექსპერტებად მოწვეული იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სიტუაცია ფასდებოდა როგორც უიმედო, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს მოსახლეობაში პანიკის დათესვას. ახალ ამბებში დრო დაეთმო: გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 37.6% (პოზიტიური - 21%, ნეგატიური - 3%), „ქართული ოცნება“ - 32.1% (პოზიტიური - 1%, ნეგატიური - 62%), საქართველოს მთავრობა - 10.5% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 37%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები" - ნათქვამია ანგარიშში.

კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930