4-11-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამა-შვილი 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს.
მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს - 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.