4-11-2020
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
აღინიშნა, რომ დღეიდან სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც; ასევე რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება კერძო საბავშვო ბაღებზე, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედ საბავშვო ბაღებზე და ისინი ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვების მიდგომის გათვალისწინებით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, ასევე კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობაზე. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად მუშაობს საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებაზე. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას დაევალა, გააძლიეროს სამედიცინო კომპონენტი კოვიდ-სასტუმროებში, სადაც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობენ. ამასთან, მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობას განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 46 817 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 31 170 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 381 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3004 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 428 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 355 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.