6-11-2020
СOVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ეფექტურად დაძლევის გზები და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის საუბრის მთავარი თემები, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მერსედეს ვერა მარტინმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
ონლაინშეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ IMF-თან თანამშრომლობის პროგრამამ საქართველოს მისცა საშუალება, უკეთ შეემცირებინა კრიზისის სოციალური გავლენა, განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს საქართველოს, როგორც COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონში დღეს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ასევე მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკის ეფექტური აღდგენა რეფორმების გაგრძელების გზით და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით მიიღწევა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო ბოლო წლებში ატარებდა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ყველა საჭირო მიმართულებით, ასევე გვერდით დაუდგება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა COVID-19-ის გამოწვევების ფონზე.
საუბრის დასასრულს, მერსედეს ვერა მარტინს, რომელიც საქართველოში მისიას ასრულებს, გიორგი გახარიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.