16-11-2020
"თუ ანგარიშში 10 დადებითი სიტყვიდან ერთი უარყოფითია, ოპოზიცია აპოკალიფსის დახატვას ცდილობს“, ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის დირექტორის სტივენ ნიქსის ანგარიშთან დაკავშირებით.
კახა კუჭავას თქმით, ანგარიშში ასევე არის მოწოდება, რომ მეორე ტურში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და მეორე ტურისთვის რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს ამ ხარვეზების გამოსწორება.
„ეს პირველ რიგში მიუთითებს, რომ მათი მოწოდებაც არის, ყველა მოემზადოს მეორე ტურისთვის, მათ შორის ხელისუფლება ადმინისტრირების კუთხით და რაც ყველაზე მთავარია, ეს პირველ რიგში გამორიცხავს პირველი ტურის შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აქედან გამომდინარე მათი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ შევეცდებით არა მხოლოდ მეორე ტურამდე, არამედ მომავალშიც ვითანამშრომლოთ მათთან და ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც იქნა დაფიქსირებული ამ არჩევნების დროს, ან შეიძლება დამატებით კიდევ რამე რეკომენდაცია არსებობდეს, ნამდვილად შევასრულოთ და შემდეგ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება უკვე ერთი წლის შემდეგ და გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით იქნას ჩატარებული. ეს ის ტენდენციაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველი არჩვენების შემდეგ ხედავს ამომრჩეველიც და საერთაშორისო საზოგადოებაც, რამდენად უმჯობესდება საარჩევნო გარემო ყოველწლიურად“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი და ის წუხილი, რომელიც გამოთქმულია ამ ანგარიშში არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიმართ.
"ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზროს ყველამ. აქ საუბარია აგრესიულ ტონზე და ბევრ სხვადასხვა კომპონენტზე, რომელიც ეხება ყველა პარტიას და ხშირ შემთხვევაში, პირველ რიგში ეხება ოპოზიციურ პარტიებს, ამიტომ კარგ დამწერს კარგი წამკითხველი ჭირდებაო და მე ვურჩევდი კარგად წაიკითხონ ეს ანგარიში არ დაინახონ მხოლოდ ის რაც მათ სურთ რომ დაინახონ. ეს არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული შეფასება. არა მხოლოდ ეს, ჩვენ ბევრი მოლოცვა მივიღეთ არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, ამიტომ ეს ის მიღწევაა, რომელიც გვაქვს ჩვენ ქვეყანას და ნუ შევეცდებით დავხატოთ სურათი, რომელიც რეალურად არ არსებობს. ძალიან ბევრ დებატებში და არგუმენტირებულ კამათში ვერ ხდება წარმოდგენა მათი მხრიდან კონკრეტული ფაქტების, რომელიც იმ პრეტენზიებს, რომელიც ოპოზიციას გააჩნია, მისცემს რეალურ სახეს. გარკვეული დარღვევები არსებობდა, ეს არსებობს ყველა არჩევნებში ყველა ქვეყანაში და აუცილებელია ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს გამოსწორდეს შემდეგი არჩევებისთვის“ -განაცხადა ვიცე-სპიკერმა.