18-11-2020
სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იყო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრა.
„რეგიონში მიმდინარეო პროცესების გათვალისწინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, აგრეთვე, დემოკრატიის განვითარების და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. რა თქმა უნდა, აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება მომავალში, რაზეც ორივე მხარის მიერ გამოითქვა, ბუნებრივია, მზაობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.