27-11-2020
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
• 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
• მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
• რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.
• ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
• ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
• სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში და მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში - ასევე, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
• ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
• სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
• ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
• სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
• კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტებზე ასევე:
• სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
• ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები შემსუბუქდება, კერძოდ:
• იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
• აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3-15 იანვარი კი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეებად გამოცხადდა. ამავე პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე. აგრეთვე, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
რაც შეეხება 16- 31 იანვრის პერიოდს, ქვეყნის მასშტაბით:
• აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
• შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
• ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4. ე.წ. „დელივერისა“ და გატანის სერვისებს;
5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
9. და სხვ.
• არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.
გარდა ამისა, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი, რომელიც მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მოიცავს, წინა სამი ეტაპის მსგავსად მიზნობრივი იქნება.
მოქალაქეებზე ზრუნვის პროგრამის საერთო ბიუჯეტი 545 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ბენეფიციართა საერთო რაოდენობა - 500 ათას პირზე მეტს (ამ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი).
· კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განხორციელდება კომუნალური ხარჯების სუბსიდირება (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა იქნება 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი;
· 1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის - ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 125,000 პირი. ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი;
· 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება - გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი;
· 600 ლარიანი დახმარება - 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი;
· 600 ლარიანი დახმარება - 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) - 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი;
· 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება - თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი;
· საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.
ხოლო, რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 515 მლნ ლარს შეადგენს:
· საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი - 260 მლნ ლარი.
· ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის - ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი - 45 მლნ ლარი;
· 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა - განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი - 20 მლნ ლარი;
· გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 3700 კომპანია;
· მიკრო გრანტების პროგრამა - მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი - 40 მლნ ლარი;
· საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი - 100 მლნ ლარი;
· საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.
ჯამში, ახალი პაკეტის მთლიანი ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და 2021 წელი იქნება საკმაოდ მძიმე, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტები მაქსიმალურად მოიცავს იმ მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებსაც ამ პერიოდში უწევთ საქმიანობის შეჩერება და დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ამასთან, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ, რის შედეგადაც, პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს. მთავრობა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, იმის მიხედვით, როგორი იქნება გლობალური ფასები ხორბლის ფქვილზე, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობს და ამ კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფოს სუბსიდირება 50-კილოგრამიან ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა იქნება. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარით განისაზღვრა.
აგრეთვე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 123 470 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 102 270 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1161 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2114 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3863 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6251 პირი.