14-12-2020
13 დეკემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერით გადაცემა „დროებაში“ გავიდა სიუჟეტი არჩევნების გაყალბების მეთოდებსა და მასში ჩართულ სტრუქტურებზე, სადაც იუსტიციის სამინისტრო გაყალბების სქემის ნაწილად დაასახელეს. რესპონდენტების –კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის თქმით, „საარჩევნო სიებით მანიპულაცია იუსტიციის სამინისტროდან იწყება“, ამასთან, მათ ამავე კონტექსტში ახსენეს იუსტიციის მინისტრის მიერ არჩევნებამდე შეცვლილი ბრძანება - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"აღნიშნული ბრძანება, რომლის შეცვლაზეც სიუჟეტშია საუბარი, 2011 წელს იქნა მიღებული. მისი ძველი რედაქციის თანახმად, ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა, ორი მოწმის დადასტურებით ნებისმიერ მისამართზე დარეგისტრირებულიყო, განურჩევლად ფართის მოცულობისა და უკვე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობისა. ასევე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ მისამართზე არსებულ საცხოვრისს ჰყავდა თუ არა მეპატრონე.
სწორედ ასეთი ხარვეზების გასწორების მიზნით იუსტიციის სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები გაატარა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ორჯერ – 2015 წლის 11 აგვისტოს და 2020 წლის 16 ივლისს – შევიდა ცვლილებები. კერძოდ, 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საცხოვრისის მისამართზე, რომლის მესაკუთრეც იდენტიფიცირებულია (სახელმწიფო, იურიდიული თუ ფიზიკური პირი). ორი ფიზიკური პირის დადასტურებით მისამართზე რეგისტრაციისას სავალდებულო გახდა ფიზიკური პირების მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების ტექსტის ხელით გადაწერა, რათა პირმა ნათლად გააცნობიეროს გაფრთხილების შინაარსი. 2020 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, დადგინდა მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის სტანდარტი საცხოვრებელი ადგილის ფართობის შესაბამისად და განისაზღვრა, რომ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობი არ შეიძლება იყოს 5 კვ. მ-ზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასარეგისტრირებელი პირი მესაკუთრის ოჯახის წევრია.
დამატებით კი გვინდა, აღვნიშნოთ, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. ეს გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს აქვს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთი-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.