გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Muscat Daily»(ომანი): სანამ საქართველოში წახვალთ დაფიქრდით

23-04-2018

ომანელი მოგზაურობის მოყვარულები, რომლებიც საქართველოში დასვენებას მოუთმენლად ელოდებიან, სანამ ამ ქვეყანაში გაემგზავრებოდნენ, ალბათ, ორჯერ მაინც უნდა დაფიქრდნენ.


გასულ კვირას ექვსი ომანელი, რომლებიც თავიანთი შვებულების საქართველოში გატარებას აპირებდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენისას, უკან იქნენ დეპორტირებულნი: მიუხედავად იმისა, რომ მათ მოგზაურობის შესაბამისი დოკუმენტები ჰქონდათ, მაინც უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე.

„18 აპრილს, როცა ჩვენ თბილისის აეროპორტში ჩავფრინდით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა პასპორტები ჩამოგვართვეს და გვითხრეს, ათი წუთი მოიცადეთ, რათა დოკუმენტები გავაფორმოთო. დაპირებული ათი წუთი ორსაათნახევრიან ლოდინად გადაიქცა. როგორც იქნა, პოლიციელი მოვიდა, ცალკე ოთახში წაგვიყვანა და იქ ჩვენი ჩანთები შეამოწმა. საბოლოოდ, ჩინოვნიკმა გვითხრა, რომ ჩვენ თურმე საქართველოში შესვლის უფლება არ გვაქვს“, - თქვა სალეჰ ალ-საიფმა, ექვსი ომანელიდან ერთ-ერთმა დეპორტირებულმა გაზეთ Muscat Daily-ის კორესპონდენტთან საუბარში.


როგორც სალეჰ ალ-საიფმა აღნიშნა, საქართველოში შესვლაზე უარის თქმისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა: „ჩვენ ვთხოვეთ, რომ უარის მიზეზი განემარტათ, მაგრამ მათ არაფერი უთქვამთ. საჩივარიც დავწერეთ, თუმცა უშედეგოდ“.


ევქსი ომანელი, რომელთა ასაკი 40 წელზე მეტია, იძულებულნი გახდნენ მეორე დღეს, უკან, მასკატში დაბრუნებულიყვნენ.

სალეჰ ალ-სეიფმა ურჩია იმ ომანელებს, რომლებიც საქართველოში წასვლას გეგმავენ, ორჯერ მაინც დაფიქრდნენ და აწონ-დაწონონ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.


„მე ამ ეტაპზე საქართველოში წასვლას არავის ვურჩევ. ყველა საჭირო დოკუმენტიც რომ გქონდეთ, ქვეყანაში შესვლის გარანტია მაინც არ არსებობს. კიდევ ერთი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ თანამდებობის პირთან და ავიაკომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირების უფლებაც კი არ მოგვცეს. მოკლედ, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით“.


Muscat Daily დაუკავშირდა საუდის არაბეთში არსებულ საქართველოს საელჩოს, რომელიც თავის ფუნქციებს შეთავსებით ომანშიც ასრულებს, რათა გაეგო, თუ რატომ მოხდა ომანის მოქალაქეების დეპორტაცია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ.


საუდის არაბეთში მოქმედი საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის თქმით, „ომანის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა და ყოფნა ერთი წლის განმავლობაში ვიზის გარეშე შეუძლიათ. მათ თან უნდა ჰქონდეთ პასპორტი, უკან დაბრუნების ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, საბანკო ანგარიშის ამონაწერი და სამედიცინო დაზღვევის დოკუმენტი“.


ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს საქართველოს საიმიგრაციო წესები გამკაცრებულიაო, მაგრამ მან მკაფიოდ ვერ შეძლო იმის განმარტება, თუ რატომ აბრუნებენ ზოგიერთ ტურისტს უკან: „თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში საიმიგრაციო წესები გამკაცრების გამო რამდენიმე ტურისტი მართალც დააბრუნეს უკან იმავე თვითმფრინავით, რაიმე კომპენსაციის გადახდის გარეშე. საერთოდ, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აეროპორტის ხელმძღვანელობა იღებს. მგზავრებს ყველა დოკუმენტიც რომ ჰქონდეთ, მაინც არაა სრული გარანტია იმისა, რომ მათ ქვეყენაში შეუშვებენ. საელჩო ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებელი არ არის“. ჩინოვნიკმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მგზავრის ქვეყანაში შეშვება-არშეშვების თაობაზე აეროპორტის ხელმძღვანელობის პრეროგატივას წარმოადგენს: „ეს ეხება არა მხოლოდ ომანის მოქალაქეებს, არამედ ბევრი ქვეყნის ტურისტებს, მათ შორის - საუდის არაბეთიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან და აშშ-დანა ჩასულებსაც“.

---------

(გამოქვეყნებულია გაზეთის პირველ გვერდზე, მსხვილშრიფტიანი სათაურით)


Muscat Daily ომანის ყველაზე პოპულარული ყოველდღიური გაზეთია, იბეჭდება 2009 წლიდან, ტირაჟი 30 ათასამდე ეგზემპლარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930