24-12-2020
ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკა მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნომერ პირველი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ ამბსადორიალის ფარგლებშიც გაიმართა.
„ელჩებს აბსოლუტურად გულწრფელად მადლობა გადავუხადე ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური მუშაობისთვის სხვადასხვა ფორმატში. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერს ვერ მოვყვებით, მაგრამ გაგრძელდება დიპლომატიის აქტიური მუშაობა - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს ეფექტური. თუმცა, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია სულ უფრო და უფრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და რესურსებს საერთოდ არ იშურებს. საკმაოდ სერიოზული რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიმართულებაა, დაზიანდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ჯერჯერობით ამას წარმატებით ვერ ახერხებენ. რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, აქტიურად, მჭიდროდ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, მიუხედავად რისკებისა, შევძლებთ ამ ამოცანის გადაწყვეტას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.