გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის

24-12-2020

„ქვეყანას ჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი სამ პროცენტიანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილის და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი. თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში აჟღერებული რუსეთის ჰიმნი.

პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე-აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ-ტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე, ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ, დაგვაკლდა. ძალიან დავაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება. ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც დაგვაკლდნენ. ეს ნახევრად სერიოზულად. სერიოზულად კი უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია. ისეთიც კი, როგორიც ის არის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და ეს მოწოდება ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ. ოპოზიცია უსათუოდ ჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას. ქვეყანას ჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930