30-12-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთვიანი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1992 წელს დაბადებული ე.კ., 1987 წელს დაბადებული მ.მ., 1985 წელს დაბადებული ლ.ვ., 1986 წელს დაბადებული ი.ი.,1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1994 წელს დაბადებული ნ.ა., 1998 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1973 წელს დაბადებული ლ.კ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“, ასევე, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დააკავა, გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და “სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.