5-01-2021
საქართველოს ძებნილმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დღევანდელ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მასშტაბური სოციალური პროექტი ჩაუშალა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 14 უფასო ემერჯენსის მშენებლობას გულისხმობდა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გააკეთა, ჟურნალი "სარკე" აქვეყნებს:
"მიხეილ სააკაშვილმა 14 უფასო ემერჯენსის მშენებლობის პროექტი ჩაშალა. გერმანელების მიერ მომზადებული რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი გვქონდა, რომელიც უფასო უნდა გამხდარიყო, თუმცა სააკაშვილმა ამაზე უარი გვითხრა. საბოლოო ჯამში, რესპუბლიკურ საავადმყოფოზე 40 მილიონზე მეტია დახარჯული, თუმცა 400-დან 700 მილიონ ევრომდე უნდა დახარჯულიყო, რაც მთლიანად მე უნდა დამეფინანსებინა.
როგორ გააჩერეს, მოკლედ მოგიყვებით:
თავად რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას არ ვაპირებდით, აქ უნივერსიტეტი უნდა გადმოსულიყო და საუნივერსიტეტო ცენტრი-კლინიკა უნდა გაკეთებულიყო. 700 თუ 800 პაციენტზე იქნებოდა საავადმყოფო, რომელიც ყველა ადამიანს მისცემდა საშუალებას, სერიოზული მკურნალობა ჩაეტარებინა და რა თქმა უნდა, ეს უფასო უნდა ყოფილიყო. მოლაპარაკებები სააკაშვილთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმდინარეობდა. ეს ის დრო იყო, როდესაც მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და ბევრ რჩევასაც ვაძლევდი. როდესაც ფუნდამენტის გაჭრა უნდა დაგვეწყო და ამდენი თანხა დახარჯული მქონდა, სააკაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ეს არ გამოვიდოდა. მისმა მრჩეველმა ბენდუქიძემ კი განმიცხადა, რომ საავადმყოფოს უფასოდ ფუნქციონირება არ გამოვიდოდა, რადგან დამატებით 100-150 საავადმყოფოს ვაშენებთ და მათ რა ვუყოთო.
მარტო რესპუბლიკური კი არა, კიდევ 14 ემერჯენსის პროექტი გააჩერეს. მხოლოდ 2 ავაშენე - ურეკში და ზესტაფონთან ახლოს, ბორითში. ბორითში, გახსნამდე 2 დღე იყო დარჩენილი, როდესაც გაიგეს, რომ პოლიტიკაში მოვდიოდი, შევარდნენ და იქ მგონი გამგეობა გახსნეს. ქვეყნის ყველა კუთხეში 14 უფასო ემერჯენსი უნდა გახსნილიყო, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება უფასო იქნებოდა. ამას შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფო მოჰყვებოდა. მე ამის ყველა საბუთი გამაჩნია" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით