გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა

19-01-2021

შესანიშნავი შეხვედრა იყო, ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო.

სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს გეგმას - 2024 წლისათვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით.
მსოფლიო ბანკი მზად არის, განაგრძოს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამასთან ერთად, მიმდინარე პერიოდში მსოფლიო ბანკის სურვილია ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში უდიდესი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის უახლესმა პროგრამებმა ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სხვა. პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

საუბარი შეეხო მოქალაქეთა და ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის მომდევნო ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია Covid-19-ის პანდემიის მეორე ტალღასთან.

შეხვედრისას, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველომ გამოიყენოს მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პოსტკოვიდურ მსოფლიოში წარმატებულად პოზიციონირებდეს.

შეხვედრისას, დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მლრდ აშშ დოლარს მოიცავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930