25-01-2021
სომხეთში, ახლა მძღოლები უფრო მკაცრად დაისჯებიან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. შესაბამისი საკანონმდებლო შესწორებები პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო.
ახლა წესების დამრღვევებს მსხვილი ჯარიმები ემუქრებათ, რომელიც რამდენჯერმე აღემატება ძველს. მაგალითად, მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილებისთვის ახლა საჭირო იქნება არა 25 ათასი დრამის (დაახლოებით 50$) გადახდა, არამედ 8-ჯერ მეტის. არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილება კი დაისჯება 150 000 დრამით (დაახლოებით, 300$), რაც თითქმის 5-ჯერ მეტია აქამდე არსებულ ჯარიმაზე.
ყველა ახალი წესის შესახებ, რომელიც საჭესთან მყოფმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ
ქულების დაკარგვა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევებს ემუქრებათ არა მხოლოდ ჯარიმები, არამედ ქულების დაკარგვაც. 2020 წლის იანვრიდან, ქვეყანაში, სქემის – „სამართალდარღვევა – ჯარიმა“ ნაცვლად, მოქმედებს სხვა სისტემა – „სამართალდარღვევა – ჯარიმა + საჯარიმო ქულები“. საქმე ისაა, რომ მართვის მოწმობასთან ერთად, სომხეთში, ყველა მძღოლი იღებს მთელი წლისთვის 9 ქულას და მას ყველაზე უხეში დარღვევებისთვის ქულები აკლდება. ერთი წლის განმავლობაში, 9 ქულის დაკარგვის შემთხვევაში, მძღოლი დაკარგავს მართვის მოწმობას ნახევარი წლით. ამის შემდეგ, ის კვლავ მიიღებს 9 ქულას, მაგრამ მათი ისევ დაკარგვის შემთხვევაში, მართვის მოწმობა ჩამოერთმევა უკვე ერთი წლით და მისი აღდგენისთვის საჭირო იქნება გამოცდის ახლიდან ჩაბარება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილის.
ახალი წესებით, მართვის დროს სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, მძღოლი დაკარგავს 0.5 ქულას და გადაიხდის ჯარიმას 7 ათასი დრამის (13$) ოდენობით. არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში კი, დიდ ჯარიმასთან ერთად, მას გამოექვითება 4 ქულა ანუ წლის დასაწყისში მიცემულის თითქმის ნახევარი. ასეთივე დაქვითვა ემუქრება მძღოლს სიჩქარის ლიმიტის 50 კმ/სთ-ით გადაჭარბების შემთხვევაში. „წითელი ხაზები“ გზებზე პარლამენტის გადაწყვეტით, სომხეთის დედაქალაქში, 12-დან 10 ადმინისტრაციულ ცენტრში, ახლა აღარ იმოქმედებს ფასიანი „წითელი ხაზები“ ავტომობილების პარკირებისთვის. ასეთ „წითელ ხაზებში“ პირველი 15 წუთი გაჩერებისთვის თანხის გადახდა საჭირო არ არის. თუმცა, შემდგომი ერთი საათით პარკირება მძღოლს 100 დრამი (19 ცენტი) დაუჯდება. გადაუხდელი პარკირების საფასურისთვის ჯარიმა შეადგენს 5000 დრამს (დაახლოებით, 10$).
მთელი პრობლემა იმაშია, რომ მძღოლებს, რომლებმაც არ გადაიხადეს, მაგრამ ავტომობილი „წითელ ხაზებში“ დააყენეს, აჯარიმებდნენ მობილური კამერების ფოტოსურათების საფუძველზე. თუმცა, ამ ფოტოსურათებს არ შეეძლოთ დაედასტურებინათ, რომ ავტომობილი 15 წუთზე დიდხანს იყო გაჩერებული. და ყველა მძღოლი, რომელსაც გადახდა არ სურდა, სწორედ ასე ამტკიცებდა. ახლა მძღოლის დაჯარიმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი იქნება ვიდეო, რომელიც 15 წუთზე დიდხანს პარკირების ფაქტს დაადასტურებს.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
Facebook-ის სომხური სეგმენტის მომხმარებლების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა კანონდამრღვევი მძღოლების კიდევ უფრო მკაცრად დაჯარიმების გადაწყვეტილებას. ზოგიერთებს გაუხარდათ, რადგან იმედი აქვთ, რომ ეს ხელს შეუწყობს გზებზე სიტუაციის გაუმჯობესებას, სხვებმა კი პარლამენტი მძღოლების ხარჯზე „ცხოვრების მოწყობის“ სურვილში დაადანაშაულეს. აი, ზოგიერთი კომენტარი:
„დიდი ხანია, დროა! იქნებ, მოსალოდნელმა მაღალმა ჯარიმებმა მაინც მოიყვანოს გონს ჩვენი მძღოლები, რომლებიც რისკავენ საკუთარ და ჩვენს სიცოცხლეს“.
„უმჯობესი იქნებოდა, ამ გამკაცრების ნაცვლად, საგზაო პოლიციას დაეწყო ნორმალურად მუშაობა!“.
„ქვეყანაში ყველა პრობლემა გადაჭრილია, მხოლოდ საჭესთან მყოფი მძღოლების პრობლემა დარჩა…“.
„ასეთი გადაწყვეტილება წინა მთავრობის დროს რომ მიეღოთ, ყველა ერთხმად იყვირებდა, რომ ხალხის გაძარცვა სურთ. თუმცა, ასეც არის“.
„ერევნის გზებზე მოძრაობას არაფერი უშველის – არც ჯარიმები, არც ქულები. ყველას უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა და იძულებული გახადო, ახლიდან, პატიოსნად ჩააბაროს გამოცდა!“.