29-01-2021
ირანის საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხზე ინფორმაციის გაზიარების და მძღოლების მდგომარეობის ადგილზე კიდევ ერთხელ გაცნობის მიზნით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსული, გიორგი სახლთხუციშვილი ადგილზე ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა.
მისი თქმით, უკვე განხორციელდა რამდენიმე მანქანის გამოშვება და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. კონსული გაეცნო საზღვარზე დარჩენილი დაახლოებით 40-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობას და მათ საჭიროებებს.
გიორგი სახლთხუციშვილი ასევე შეხვდა საბაჟო ტერმინალის უფროსსა და სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელს, რომელთაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ და აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მაქსიმალურად აქტიური მუშაობა საკითხის დროულად გადასაწყვეტად და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნებისთვის უფლების მისაცემად.
ამასთან, საქართველოს საელჩო ირანში აგრძელებს შესაბამის უწყებებთან მუშაობას, მძღოლების საქართველოში დაბრუნების პროცესის დასაჩქარებლად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა ირანში გაჩერებული მძღოლების ოჯახის წევრებს, გააცნო მათ არსებული მდგომარეობა და განუმარტა, რომ საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად.