29-01-2021
საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება, - ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში 1-ლი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების განახლებასთან ერთად შევა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
განახლებული რეგულაციები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავა და უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა.
კერძოდ, საჰაერო საზღვრის კვეთის ახალი რეჟიმით, 1-ლი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.
რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.
თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ-ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრების გავლით ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის ცვლილებაზე, პარალელურად გრძელდება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღება.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციაზე ისაუბრა საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, დღეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლებია და 3.5 %-ს შეადგენს, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი - 4.7 %, ხოლო ბოლო 14 დღის - 5.8 %-ია. მისივე განმარტებით, სტაბილიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბოლო 14 და 7 დღის მონაცემებს და შესაბამისი გადაწყვეტილებები ნებისმიერი შეზღუდვის დამატებით შემსუბუქების მიმართულებით, მათ შორის სწორედ მაშინ უნდა გადაიდგას, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესში მაქსიმალურად თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს და რისკი არ შეექმნას როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ისე ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივას. აღინიშნა, რომ არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მისი შენარჩუნების შემთხვევაში, ეტაპობრივი გახსნა დაგეგმილზე უფრო ადრე დაიწყება. უპირველეს ყოვლისა ეს შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ბავშვებს სასწავლო პროცესის კლასებში განახლების შესაძლებლობა მიეცეთ და ასევე - ეტაპობრივად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რათა მიღწეული შედეგები სტაბილურად შენარჩუნდეს.
საბჭომ იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. როგორც ცნობილია, საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო აღიარებაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 256 956 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 247 096 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 148 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 521 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 322 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 731 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.