31-01-2021
„დღეს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია," - ასეთი შეფასება მისცა ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის. „ჩვენ გვაქვს ყველა შანსი იმისა, რომ ვიყოთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ძლიერი ქვეყანა, რომელიც ამაყობს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობით. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია უმეტესად „მწვანეა", რომელიც ჩვენი ეროვნული სიმდიდრიდან - წყლიდან გამომუშავდება," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებთ პროექტის ინვესტორს. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა. შედეგად, ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხოა. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ იგივე გეოლოგიური თვალსაზრისით, ნამახვანი ჰესი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა სეისმოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე," - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნამახვანი ჰესის ასაშენებლად საქართველოში 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა პოსტკოვიდური კრიზისის ფონზე.
„ასევე რაც ყველაზე მთავარია, ესაა საქართველოს 2,000-მდე მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ისინი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეები არიან. ჩვენ ცალსახად გვერდში დავუდგებით ამ პროექტს," - განაცხადა მინისტრმა.