3-02-2021
მთავრობასა და სარესტორნე ინდუსტრიას შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, მათ შორის მოგეხსენებათ, იანვრის ბოლოს შედგა საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნესს შორის, სადაც მოხდა საკითხის დეტალური განხილვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რესტორნების მხრიდან დაუმორჩილებლობის და თვითნებურად ამოქმედების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რესტორნები აჭარის გარდა, სადაც ღია სივრცეში მოხდა მათი გახსნა, დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება და აქედან გამომდინარე, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონისა და ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას, რა თქმა უნდა, მკაცრი რეაქცია მოყვება.
„ეკონომიკურ გუნდსა და სარესტორნე ინდუსტრიას შორის გამართულ შეხვედრაზე მათ გავაცანით ის მიდგომები და კრიტერიუმები, თუ რითი ვსაზღვრავთ ჩვენ ამა თუ იმ ბიზნესის გახსნას და მათ შორის სარესტორნე ინდუსტრიასთან მიმართებაში. ვინაიდან ჩვენ, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, თუ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს" -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რესტორნების მხრიდან კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული ქმედებები ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და იმედი გამოთქვა, რომ ასე არ მოხდება.
„ჩვენ მათთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ, თუმცა, გვექნება ასეთი ქმედება, რომელიც არის დაკავშირებული კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება. მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენს შორის დიალოგს, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.