4-02-2021
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისათვის მათ მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.
გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 20 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მსურველებმა განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.
გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია, ასევა შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2298
იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.