გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობამ შშმ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო დოკუმენტის სავალდებულოდ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო

4-02-2021

საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის" ფაკულტატური ოქმის სავალდებულოდ აღიარების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალურად მიმართონ გაეროს კომიტეტს და საკუთარი უფლებები საერთაშორისო დონეზეც დაიცვან.

„ეს არის შშმ პირების უფლებების დაცვისა და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნისათვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. ფაკულტატური ოქმის რატიფიკაციის პროცესი საქართველოს პარლამენტის მიერ დასრულდება," - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, კონვენციით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება.

კომიტეტი უფლებამოსილია, განიხილოს წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული ინდივიდუალური მიმართვები, ჩაატაროს გამოკითხვის პროცედურები, განიხილოს ქვეყნების პერიოდული ანგარიშები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930