გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულ მუზეუმში დღეს აქამდე უცნობი კოლექციები გამოიფინება

25-04-2018

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დღეს გამოფენა - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია" გაიხსნება.


ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ასეთი მასშტაბური გამოფენა საქართველოში პირველად ეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინდური, ჩინური და იაპონური ფერწერის, ქანდაკების და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების 500-მდე ნიმუში, რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი ძალზე ფართოა.


ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ.წ. I ათასწლეულით დათარიღებული ჩინური ბრინჯაოს ჭურჭელი მსხვერპლშეწირვისათვის, XV -XVIII სს. ჩინური ფაიფურის ნაკეთობები, XVII ს-ის ჩინელი მხატვრის, ჯან მუ-ს ფერწერა აბრეშუმზე, XVIII ს-ის იაპონური ფაიფურწარმოების ბრწყინვალე ნიმუშები - საცუმას წყვილი ლარნაკი რომანოვების კოლექციიდან, ამავე პერიოდის იარაღი, იაპონელი მებრძოლის - სამურაის განუყრელი ატრიბუტი, XVII-XVIII სს.-ით დათარიღებული ინდური ქაშმირის თირმა-შალების კოლექცია და ა.შ.


„საქართველოში შორეული წარსულიდან იცნობდნენ და აფასებდნენ აღმოსავლურ კულტურას. ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა აბრეშუმის გზა, უმნიშვნელოვანესი სავაჭრო - საქარავნო მაგისტრალი, რომლის მეშვეობით, როგორც არქეოლოგიური მასალითა და წერილობითი წყაროებით დასტურდება, ჩვენთან შემოჰქონდათ საუკეთესო ხარისხის ჩინური აბრეშუმი, ფაიფურისა თუ ქაშანურის ჭურჭელი, ინდური ქსოვილები, ხალიჩები, სამკაული და სხვ.


შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის ხელოვნების მიმართ ინტერესი გამოიხატა კავკასიის მუზეუმში აღმოსავლური ხელოვნების მდიდარი კოლექციების შექმნით. კავკასიის მუზეუმის, ქართველი თუ უცხოელი მეცენატების,კოლექციონერების,კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების ძალისხმევით, კოლექცია გამდიდრდა ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის მატერიალური კულტურის პირველხარისხოვანი ძეგლებით.


1950-იანი წლებიდან, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დაარსების შემდგომ, აღმოსავლური ექსპონატების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აქ დაიდო ბინა. ეს კოლექცია შემდგომ პერიოდშიც ივსებოდა. გამოფენილი ექსპონატების უმრავლესობა სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური კოლექციიდანაა წარმოდგენილი“-ნათქვამია ეროვნული მუზეუმის ინფორმაციაში.


2015 წლიდან, ექსპონატთა კომპლექსური სამეცნიერო კვლევა, რესტავრაცია-კონსერვაცია, მონოგრაფიის გამოცემა და გამოფენის მომზადება შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.


მუზეუმის ინფორმაციითვე, საგამოფენოდ შერჩეული ჩინური, იაპონური და ინდური არტეფაქტები, ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების შედევრები, რომელთა დიდი ნაწილი პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიის წინაშე, დამთვალიერებლისთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება ამ შორეული და საოცარი სამყაროს უკეთ შეცნობისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30