18-02-2021
გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგა.
გიორგი გახარიას განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მოგეხსენებათ, გუშინ საქართელოს სასამართლომ ბატონ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასოდეს არ სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრისა.
მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა ჩემი აბსოლტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.
დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი არც ერთი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან პოლიტიკური ორიენტაციისა თითოეული ჩვენი მოქალაქისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის.
ამიტომ იქედან გამომდინარე, რომ მე სამწუხაროდ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცესში პოლარიზაციის შემცირებას რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისისგამკლავებისთვის" - განაცხადა გახარიამ.