გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შპს ,,კალანდა“ დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

26-04-2018

შპს ,,კალანდა“ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:


„ჩვენმა კომპანიამ საჭიროდ ჩათვალა გამოხმაურებოდა ბატონ დავით კირკიტაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას თეთრიწყაროს რაიონის სოფ. კოდაში არსებული მეღორეობის კომპლექსის შესახებ. მისასალმებელია ბატონი დავითის გულშემატკივრობა ამ საქმის მიმართ, თუმცა ვერ დავეთანხმებით განცხადებაში გაჟერებულ ცალკეულ მონაკვეთებს. კერძოდ, მისი განცხადდება, რომ არც სს ,,საქართველოს ბანკი“ და არც საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული მეღორების კომპლექსის მუშაობის განახლებაში, არ შეესაბამება რეალობას. ვფიქრობთ, რომ ბატონი დავითი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება “კალანდას” ფერმის თაობაზე.
საწარმოში ვირუსული დაავადების გავრცელების გამო ფერმის დეპოპულაციისა და ოპერირების შეჩერების შემდგომ (2014 წლის თებერვალი) საქართველოს მთავრობა (ძირითადად წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სახით), სს ,,საპარტნიორო ფონდი“ და კომპანიის კრედიტორი სს ,,საქართველოს ბანკი“ მუდმივი და ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში ახორცილებდნენ ჩვენი კომპანიის ტექნიკურ მხარდაჭერას ფერმის დროული რეანიმაციის მიზნით.


მათ შორის, სს ,,საქართველოს ბანკი“ პრაქტიკულად სამი წლის განმავლობაში ელოდებოდა კომპანიის მხრიდან ფერმის რეაბილიტაციის დასრულებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ ამ სამი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება, მეღორეობის კომპლექსი, სესხის უზრუნველყოფის სახით, გადავიდა კრედიტორის - სს „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში. აღნიშნული აქტივის შენარჩუნებისათვის ბანკის მხრიდან ხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის მიზნობრივი ინვესტიციებისა და თანაინვესტორების მოზიდვის მიზნით.
რაც შეეხება კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხში საქართველოს მთავრობის ჩართულობას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ადამიანური რესურსების მეშვეობით, შემუშავდა კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების სან-ჰიგიენური გეგმა-გრაფიკი. სეს-ის მიერ განხორციელდა კომპლექსის სრული გასუფთავება, დეზინფექცია და პარაზიტების (რეპოპულაციისას როგორც დაავადების გავრცელების შესაძლო ვექტორის) იდენტიფიცირების ღონისძიებები. აღნიშნული სამუშაოების მონიტორინგს ასევე ახორციელებდა სს ,,საპარტნიორო ფონდი“, რომელმაც გამოთქვა სურვილი ფერმის რეაბილიტაციის პროცესში ფინანსურ თანამონაწილეობაზე. პრაქტიკულად, საწარმოს გაჩერებიდან მოკლე ვადებში მოხერხდა ფონდსა და ჩვენს კომპანიას შორის პარტნიორთა შეთანხმების გაფორმება, რომლის თანახმადაც ფონდი უზრუნველყოფდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ფერმის რეაბილიტაციისთვის, იმ შემთხვევაში თუ კომპანია თავის მხრივ შეძლებდა წილობრივი ინვესტიციების განხორციელებას.


აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებაზე, კერძოდ იმ მიზეზებზე რის გამოც ვერ მოხერხდა კომპანიის მიერ ინვესტიციების მობილიზება. მსგავსი ტიპის ინდუსტრიული წარმოება მოითხოვს მართვის მაღალკვალიფიციურ სტანდარტებს, რომლის დანერგვაც შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე არსებული შესაბამისი რესურსებით. ამჟამად, ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს ისეთი საერთაშორისო მართვის ჯგუფის/პარტნიორის მოძიებას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს წარმოების მენეჯმენტს და გახდება თანაინვესტორიც, რაც კიდევ უფრო აამაღლებს წარმოების ეფექტურობას. მიუხედავად საინვესტიციო გარემოს თაობაზე მრავალი საერთაშორისო გამოხმაურებისა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც გარკვეულწილად ანეიტრალებს საქართველოს ბაზრის მიმზიდველობას ინვესტორებითვის. მათ შორისაა: ქვეყანაში არსებული ეპიზოოტიური კონტროლის სისტემის გაუმართაობა (განსაკუთრებით მეღორების მიმართულებით), რაც მრავალ სხვა საკითხთან ერთად გულისხმობს დაავადებათა პრევენციას, ეპიდემიებზე ადეკვატურ და ოპერატიულ რეაგირებასა და ელიმინაციის ღონისძიებებს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს სისტემა ვერ პასუხობს სექტორში არსებულ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რაც თავის მხრივ აფერხებს ბაზარზე შესაბამისი საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების განვითარებას, ეს კი ხელს უშლის დარგის ინდუსტრიალიზაციას და საბოლოოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთო საინვესტიციო გარემოზე.


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ ბ-ნი დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილ არგუმენტებს და გამოვთქვავთ მზაობას ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ამჟამინდელ სტატუსსა და საინვესტიციო შესაძლებლობაზე, ხოლო სისტემური პრობლემების მოგვარების მიზნით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ შეხვედრაზე, რაც ნამდვილად საჭიროებს მთავრობის მხრიდან გაცილებით აქტიურ ჩარევას და ეფექტური ქმედებებს“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930