გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკისს შეხვდა

16-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების(DCFTA) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

ხაზი გაესვა ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციისა და DCFTA-ის შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს ძალისხმევას იმ ამბიციური მიზნის მისაღწევად, რასაც ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომა ჰქვია.

ყურადღება დაეთმო პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. აღინიშნა, რომ COVID-19-მა უარყოფითი გავლენა მოახდინა სავაჭრო ბრუნვაზე, რომლის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

პრემიერის განცხადებით, პოსტპანდემიურ ეტაპზე, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა და ვაჭრობის დივერსიფიცირება მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპელ ინვესტორებს და მზად არის, ხელი შეუწყოს მათ საქართველოში ბიზნესის წარმოებასა და განვითარებაში.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, მათ შორის კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმართულებით, რაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930