29-04-2018
ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო უშიშროების უწყებაში შიშობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რეგიონის ქართულ მოსახლეობის წახალისებას ახორციელებს იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ქართული პასპორტები, რითაც სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის საკითხი ზიანდება. ამის თაობაზე ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ შაბანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას.
ამ თვალსაზრისით მიხეილ შაბანოვმა ადამიანები ერთგვარ კატეგორიებად დაჰყო. პირველ ჯგუფში ისინი მოხვდნენ, ვისაც მხოლოდ ოსური პასპორტი აქვს და ოსურ სოფლებში ცხოვრობს, ორჭოსანისა და წინაგარას მცხოვრებლების ჩათვლით.
მეორე კატეგორიაა ადამიანების, ვისაც ორივე, როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა აქვს და ფლობს ქონებას ორივე ადგილას. მათ ასევე გააჩნიათ გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. ამ კატეგორიის ადამიანების ძირითად საცხოვრებლად იკორთა, მოსაბრუნი, ახალგორი და ამ რაიონის სოფლებია მითითებული.
მესამე კატეგორია ყველაზე მრავალრიცხოვანია. მიხეილ შაბანოვის განცხადებით, ისინი ქართულ პასპორტებს ფლობენ და მუდმივად ცხოვრობენ ახალგორის ტერიტორიაზე, ასევე აქვთ უძრავი ქონება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში. ისინი, ეგრეთ წოდებული, „პროპუსკებით“ გადაადგილდებიან და ასევე იკავებენ სხვადასხვა პოსტს ადგილობრივ ხელისუფლებაში.
მიხეილ შაბანოვის განცხადებების მიხედვით, ადამიანების კლასიფიცირება აქ არ მთავრდება. დე-ფაქტო ადმინისტრაციის მთავარი მიზანი ისაა, რომ მათ უნდა აღმოაჩინონ ისეთი ადამიანები, ვინც ხელფასს ორივე - ქართულ და ოსურ მხარეს იღებს და ამგვარი რამ აღიკვეთოს.
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ახალგორში, კულტურის სახლში მინისტრებისა და პარლამენტის სპიკერთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები და მოსაზრებები გააცნო. მათ შორისაა, ადგილობრივებისთვის დამატებითი პრობლემების შემქმნელი რეგულაცია, რაც მსხვილფეხა პირუტყვის ახალგორის ტერიტორიაზე გადაადგილებას ეხება. სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის მაკონტროლებელმა ორგანომ დაადგინა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ვირუსი ვრცელდება, რაც, შესაძლოა გადავიდეს დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც, თუ ისინი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებას არ შეზღუდავენ.
ამ საკითხზე თავისი მოსაზრება „ამერიკის ხმას“ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმაც გაუზიარა. „საზაფხულო საძოვრებზე გამოყვანილ პირუტყვს აღარ შეაყვანინებენ. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, რადგან ადგილობრივად არანაირი პროდუქტი არ იწარმოება და მოსალოდნელია, სერიოზული დეფიციტი შეიქმნას. ან, შესაძლოა, ვინმეს ამ ყველაფერზე ხელის მოთბობა და ბიზნესის აწყობა სურს და განზრახული აქვს რუსეთიდან შემოიტანოს გაყინული ხორცი, ვერ გეტყვით. მოსახლეობას ვისაც უნდა, შემოვიდეს და გავიდეს, არ ვუშლითო. ასევე იმაზე ყოფილა საუბარი ბიბილოვთან შეხვედრისას, რომ ვინც მუშაობს და ცხოვრობს წეროვანში ან წილკანში, ან აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ან თავი დაანებონ მუშაობას, რადგან აქაც ბევრია უმუშევარი და ეს ხალხი უნდა დავასაქმოთო. ეს, ძირითადად, სამედიცინო პერსონალს ეხება“, - აღნიშნა ნუგზარ თინიკაშვილმა.
გარდა იმისა, რომ ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ადმინისტრაცია რიგითი, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ადგილობრივად ცხოვრების გართულებისკენ მიმართული ნაბიჯების პაკეტს ამზადებს, რაც, ფაქტობრივად ვაჭრობის შეზღუდვას ნიშნავს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ამავდროულად არის ერთგვარი პასუხი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ინიციატივაზე, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ გაჟღერდა და რაც ვაჭრობისა და განათლების მხარდაჭერას, ასევე გადაადგილების შესაძლებლობების საკითხებს ეხება.
ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები ცხინვალში, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
ახალგორში შეხვედრისას ანატოლი ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხსაც შეეხო და ადგილობრივების წინაშე განმარტა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. მან მოსახლეობას ასევე ჰკითხა, ხომ არ ჰქონდათ კითხვები ინციდენტთან დაკავშირებით. „ანატოლი ბიბილოვს ასევე უსაუბრია არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე და უთქვამს, უბედური შემთხვევა მოხდა და რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ ამის თაობაზეო. ვის ექნებოდა, ვინ გაბედავდა იქ კითხვის დასმას, ხომ წარმოგიდგენიათ? ასევე თქვა, ქუჩები და გზები გაკეთდება ახალგორშიო“, – გვეუბნება ნუგზარ თინიკაშვილი.
დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანატოლი ბიბილოვი არასდროს გამოარჩევს ეთნიკურობის ნიშნით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს და ქართველებსაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა ეროვნების ადამიანებს. „არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილთან სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას კავშირი არ აქვს. უფრო მეტიც, ეს არ ყოფილა რესპუბლიკის ინტერესში“, - ამბობს ანატოლი ბიბილოვი.
წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)