25-03-2021
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა საქართველოში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, მოწვეული სტუმრების ნაწილი მას დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა კანონმდებლებს გააცნეს მათ სფეროში არსებული პრობლემები, რომლებიც გარკვეულწილად უშლის ხელს ქვეყანაში უალკოჰოლო სასმელების წარმოების კიდევ უფრო განვითარებას, ადგილობრივი წარმოების წახალისებას, ახალი ბაზრების ათვისებას. საუბარი შეეხო ასევე დაბეგვრის რეჟიმებს და მარკირების საკითხებს, ექსპორტ-იმპორტს, საწარმოო პოტენციალის ზრდას და სხვა.
„ეს კომპანიები, ფაქტობრივად, ერთ-ერთი უმსხვილესი აქტორები არიან როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებაში, ამიტომ მათი მოსაზრებები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. საინტერესო იყო ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც ამ სფეროში არსებობს და რომელზეც რეაგირებას მოკლე ვადაში ელიან, ვინაიდან მათი გადაუჭრელობა მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათი საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ამიტომ, ჩვენც ასევე სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ იმისთვის, რომ დროულად უპასუხოს სახელმწიფომ მსგავსი დიდი რესურსის მქონე წარმოებების და დიდი ბიზნეს-აქტორების საჭიროებებს. ასევე იქნა განხილული მცირე მწარმოებლების პრობლემები, რომელთა მიმართებაშიც ასევე აუცილებლად გვექნება სათანადო რეაქცია", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ამავე კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.
ნინო წილოსანის განცხადებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტი ინტენსიურად ხვდება ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ დაკავშირებულია კომიტეტის კურატორობის ქვეშ მყოფ სფეროებთან და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელდება.