26-03-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი N118 და N208 საჯარო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლების მიერ შემუშავებულ სანიტარულ ნორმებს გაეცნო და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია თავად სკოლების დირექტორებისგან მოისმინა.
მიუხედავად იმისა, რომ N118 სკოლაში 1230, ხოლო N208-ე 892 მოსწავლე ირიცხება, ორივე მათგანში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია სრულფასოვნად არის დაცული. სკოლები აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, ხოლო მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ .
უსაფრთხოების მიზნით, სკოლებში სანიტარიის დასაცავად გამკაცრებულია საზედამხედველო კონტროლი. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება მიმდინარეობს.
სამინისტროს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოლებში მონიტორინგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. როგორც მინისტრის, ასევე მინისტრის მოადგილეების მხრიდან კვლავ აქტიურად გაკონტროლდება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები.