გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთის საზღვაო სასწავლებლის სტუდენტები სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას ფოთის ნავსადგურში გაივლიან

31-03-2021

დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალს - ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრსა და „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

მემორანდუმის ფარგლებში, ფოთის ნავსადგური საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (პორტის ლოჯისტიკა, გემის საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია, გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ოპერირება) პროფესიულ სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას სასწავლო-საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვნად თვლის კომპანია მდგრადი განვითარების მისაღწევად ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობას.

„მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეფექტური თანამშრომლობით, სანავსადგურე ქალაქში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგად, ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომად გვესახება და თანმიმდევრულად ვმუშაობთ აღნიშნულის ხელშესაწყობად. ყოველივე ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ფუნქციონირების გამოცოცხლების კუთხით," - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, „ინდუსტრია ვერ განვითარდება პროფესიონალების გარეშე და ფოთის საზღვაო სასწავლებლის ძირითადი ამოცანაც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს საზღვაო ბიზნესებს მოთხოვნადი სპეციალისტების, კვალიფიციური ადგილობრივი კადრების მომზადებით. მოხარული ვართ, რომ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"-ს მხარდაჭერით, დღეს გავხსენით თანამედროვე სიმულატორით აღჭურვილი უმნიშვნელოვანესი ლაბორატორია, რომელიც ქართული პორტების საჭიროებებს არა მარტო მიმდინარე ეტაპზე დაფარავს, არამედ შესაძლებლობას მოგვცემს მოვამზადოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სპეციალისტები ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ექსპლუატაციისათვის".

ფოთის საზღვაო სასწავლებელი პროფესიული სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისათვის ემზადება, პირველ აპრილს კი - უსაფრთხოების საბაზისო წვრთნის მოკლევადიანი გადამზადების კურსებზე პირველ ნაკადს მიიღებს.

უახლოეს მომავალში ფოთის პორტში დასაქმებული პირებისა და მეთევზე-მეზღვაურთა გადამზადებაც იგეგმება, რათა მათ შეძლონ ახალ გემებზე მუშაობა.

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი ლაბორატორიები მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების შესაძებლობას იძლევა, რაც საზღვაო ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით შექმნილ ახალი სამუშაო ადგილებზე ადგილობრივი კადრების დასაქმებას უწყობს ხელს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი, ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯულიან ფერნანდესი და ადამიანური რესურსების და კომუნიკაციების დირექტორი ლელა კვანტალიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930